XXI საუკუნის ყველაზე დიდი ვულკანური ამოფრქვევები

ეს პერსონა

სხვადასხვა მონაცემებით, დედამიწაზე 1000-დან 1500 – მდე აქტიური ვულკანი არსებობს ( განასხვავებენ მოქმედ და მძინარე ვულკანებს) და მათი უმეტესი ნაწილი, წყლის ქვეშ ე.წ.  ცეცხლოვან  ზონაში მდებარეობს. განსაკუთრებით ძლიერ ვულკანებს, ჩვენი პლანეტის კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ამის თვალსაჩინო მაგალითი ინდონეზიაში მდებარე ვულკანი კრაკატუა.  ამოფრქვევა 1883 წელს დაიწყო და ცხრა თვე გაგრძელდა, დაიღუპა ათასობით ადამიანი. ვულკანმა  ფერფლი ცაში 80 კმ სიმაღლეზე ატყორცნა და მზის სხივები შთანთქა,  რამაც თავის მხრივ  გლობალური ტემპერატურის 1,1 გრადუსით შემცირება გამოიწვია.

ჩვენ სტატიაში გაეცნობით 21-ე საუკუნის ყველაზე მასშტაბურ ვულკანურ ამოფრქვევებს.

 

#1 ნიირაგონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

 2002 წლის 17 იანვარს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით, ნიირაგონგოს ვულკანის ამოფრქვევა დაფიქსირდა. ლავის ნაკადმა ქალაქი გომა  14 მიმდებარე სოფელთან ერთად მოიქცია. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, 300 ათასამდე მოსახლე კი უსახლკაროდ დარჩა. ამასთან, განადგურდა  ყავისა და ბანანის პლანტაციები.


 #2  ეტნა, იტალია

2002 წლის 27 ოქტომბერს ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე  (ზღვის დონიდან 3329 მ)  „ეტნას“ ამოფრქვევა დაიწყო. ვულკანურმა ლავამ გაანადგურა რამდენიმე ტურისტული ბანაკი, სასტუმროები, სათხილამურო საბაგიროები და ხმელთაშუა ფიჭვის ბაღები. ვულკანის ამოფრქვევამ სიცილიური სოფლის მეურნეობას 140 მილიონი ევროს ზიანი მიაყენა.  ამოფრქვევები განმეორდა 2004, 2007, 2008 და 2011 წლებში.


#3 სუფრიერი, მონსერატის კუნძული 

2003 წლის 12 ივლისს მონსერატზე (მცირე ანტილის არქიპელაგი, დიდი ბრიტანეთის საკუთრება)  სუფრიერის ვულკანმა გაიღვიძა. ფერფლმა კუნძული თითქმის მთლიანად დაფარა, მჟავის შემცველმა წვიმებმა და ვულკანურმა გაზებმა კი,   მოსავლის 95% გაანადგურა. კუნძული  კატასტროფის ზონად გამოცხადდა.
2010 წლის 12 თებერვალს ვულკანი კვლავ ამოიფრქვა. ფერფლის ძლიერმა "წვიმამ" გადაიარა კუნძულ გრან ტერეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე. პოინ-ა-პიტრა–ში კი, ყველა სკოლა დაიხურა.  ადგილობრივმა აეროპორტებმა ავამიმოსვლა დროებით შეაჩერეს.


 #4  მერაფი, კუნძული იავა

2006 წლის მაისში, ინდონეზიის კუნძულ იავაზე,  42 ვულკანიდან ყველაზე აქტიურმა ვულკანმა- მერაფიმ გაიღვიძა. კვამლი და ფერფლი ოთხი კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა, რის გამოც ხელისუფლებამ ავიამიმოსვლა  შეაჩერა. (საერთაშორისო ფრენები შეჩერდა ავსტრალიის და სინგაპურის მიმართულებითაც)

იმავე წლის 14 ივნისს, ამოფრქვევა განმეორდა. 700 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ცხელი ლავა  ფერდობებზე გადმოედინა. განხორციელდა 20 000 ადამიანის ევაკუაცია.

2010 წლის 26 ოქტომბერს ვულკანმა კვლავ გაიღვიძა - ამოფრქვევა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. შეჩერდა საჰაერო მიმოსვლა და  400 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორცეილდა. კატასტროფას  347 პირი ესხვერპლა.


 #5  ტუნგურაჰუა, ეკვადორი

2006 წლის 17 აგვისტოს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან 180 კილომეტრში, ტუნგურაჰუას ვულკანი ამოიფრქვა. შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული  კი - დაშავდა. ტოქსიკური გაზების და ფერფლის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, რომ  საცხოვრებელი დაეტოვებინა. დაფიქსირდა პირუტყვის მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი,  მოსავალი სრულად განადგურდა.


#6  რედუტი, აშშ

2009 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ანჩორჯის სამხრეთ – დასავლეთით, 176 კილომეტრზე ვულკანი რედაუტი ამოიფრქვა.  ვულკანის კრატერიდან ფერფლი 15 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა, რის გამოც ალაისკის ავიახაზებმა რამდენჯერმე შეწყვიტეს ავიამიმოსვლა.

  

 

#7 ეიფიადლაიოკუდლი, ისლანდია

2010 წლის 14 აპრილს, ისლანდიის ვულკანის, ეიფიადლაიოკუდლის ამოფრქვევამ, ავიამიმოსვლის უპრეცედენტო შეფერხება გამოიწვია. ამოფრქვეული ფერფლის "ღრუბელმა" დაფარა თითქმის მთელი ევროპა, რის შედეგადაც საჰაერო-სანავიგაციო უსაფრთხოების კონტროლის ევროპული ბიუროს რეკომენდაციით, 18-მა ევროპულმა ქვეყანამ რადენიმე დღით ავიამიმოსვლა სრულად შეწყვიტა. 


2010 წლის მაისში, ისლანდიის ვულკანის ეიფიადლაიოკუდლუს მორიგი გააქტიურების გამო, საჰაერო სივრცე დაიხურა ჩრდილოეთ ირლანდიაში, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, მიუნხენში, (გერმანიის) ჩრდილოეთ და ნაწილობრივ ცენტრალურ ინგლისში, ისევე როგორც შოტლანდიის ტერიტორიებზე.  ლონდონის, ამსტერდამის და როტერდამის (ნიდერლანდები) აეროპორტები აკრძალულ ზონაში მოყვნენ. ვულკანური ფერფლის "ღრუბლის" მოძრაობის გამო, ასევე  ფრენები  პორტუგალიის, ჩრდილო – დასავლეთ ესპანეთისა და ჩრდილოეთ იტალიის აეროპორტებში შეაჩერეს.

 

 #8 პაკაია, გვატემალა

2010 წლის 27 მაისს გვატემალაში,  ვულკანი პაკაის ამოფრქვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიკარგა, 59 დაშავდა, 2000-მდე პირი კი - უსახლკაროდ დარჩა.  ქვიშამ და ნაცარმა დააზარალა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, განადგურდა და დაზიანდა 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.  


 

#9 გრიმსვოტნი, ისლანდია

2011 წლის 22-25 მაისს მოხდა ვულკანი გრიმსვოტნის ამოფრქვევა (ისლანდია), რის შედეგადაც ისლანდიის საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა. ფერფლის ღრუბლებმა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის საჰაერო სივრცეს მიაღწიეს, რამდენიმე რეისი გადაიდო. ვულკანოლოგების თქმით, ვულკანმა ატმოსფეროში გაცილებით მეტი ფერფლი ამოაფრქვია, ვიდრე ეიფიადლაიოკუდლმა 2010 წლის აპრილში, მაგრამ ფერფლის ნაწილაკები უფრო მძიმე იყო და უფრო სწრაფად დაეშვნენ მიწის ზედაპირზე, ამიტომ საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

 

#10 პუიეუე, ჩილე

2011 წლის 4 ივნისსპუიეუეს ვულკანმა გაიღვიძა.  ფერფლი12 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.  მეზობელ არგენტინაში საკურორტო ქალაქში, ნაცრის და  პატარა ქვების წვიმა წამოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ბუენოს-აირესის (არგენტინა) და მონტევიდეოს (ურუგვაი) აეროპორტები ჩაიკეტა.


 #11 როკატენდა, ინდონეზია

2013 წლის 10 აგვისტოს, ინდონეზიაში, პატარა კუნძულ პალუეზე, ვულკანი როკატენდას ამოფრქვევის შედეგად ექვსი ადგილობრივი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის ზონიდან  2000-მდე ადამიანი იქნა ევაკუირებული.


 #12  ონტაკე, იაპონია

ვულკანის მოულოდნელი ამოფრქვევა 2014 წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რასაც თან ახლდა ტოქსიკური აირების ძლიერი გამოყოფა.

ამოფრქვევის დროს მთის ფერდობზე მყოფი მთამსვლელები და ტურისტები დაიღუპნენ. იაპონელმა ექიმებმა ოფიციალურად  48 ადამიანის სიკვდილი დაადასტურეს. იაპონური პრესის ცნობით, ცხელი ვულკანური ფერფლით 70 ადამიანი მოიწამლა. მთაზე დაახლოებით 250 ადამიანი იმყოფებოდა.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top