წიგნები, ფილმები და უცნობი დოკუმენტები - 34 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან

ეს პერსონა

34 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. ის 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, რადიოაქტიური ნივთიერებები, ატმოსფეროში, დასავლეთ რუსეთის, ბელარუსიის, უკრაინისა და ევროპის თავზე გაიფანტნენ. ოფიციალური მონაცემებით, კატასტროფას 31 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace ვარაუდობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 93 000 ადამიანი დაიღუპა ჩერნობილის აფეთქების შედეგად გამოწვეულ კიბოს. საბჭოთა კავშირის გამო, კატასტროფის შესახებ ბევრი ფაქტი უცნობი დარჩა, თუმცა არსებობდნენ ადამიანები, ვინც ჩერნობილის ცნობები შემოინახეს.

სად მოიძიოთ ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენაზე, რას უყუროთ და წაიკითხოთ, თუკი მეტის გაგება გსურთ? ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ.

სიას ვიწყებთ ბელარუსელი მწერლის, ნობელის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნით „ჩერნობილის ლოცვა“, რომელშიც შეკრებილია მომხდარი კატასტროფის შესახებ, ადგილობრივების, მეხანძრეების, ლიკვიდატორების, პოლიტიკოსების, ექიმებისა და ფიზიკოსების მოგონებები. ბევრი რამ HBO-ს სერიალ „ჩერნობილის“ შთაგონების წყარო გახდა. მაგალითად, წიგნიდანაა აღებული მეხანძრე ვასილი იგნატენკოსა და მისი ცოლი ლუდმილას ისტორია.


ჩერნობილის კატასტროფაზე ბევრი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ერთ-ერთი პირველი იყო „ჩერნობილის ზარი“, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა და აქტივისტმა როლან სერგიენკომ გადაიღო. ავარიიდან ერთი თვის შემდეგ ის უკანონოდ ჩავიდა ჩერნობილში, სურათზე მუშაობა კი 1987 წელს დაასრულა. სსრკ-ში დოკუმენტური ფილმი აკრძალეს.


თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე საბჭოთა ქიმიკოსმა, პროფესორმა ვალერი ლეგასოვმა გააკეთა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც საუბრობდა, რა როლი შეასრულა მან კატასტროფის ლიკვიდაციის პროცესში. ასევე, განიხილავდა ჩერნობილის გამომწვევ მიზეზებს. არსებობს ბეჭდური შემოკლებული ვერსია, თუმცა თავად ლეგასოვის ქალიშვილმა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ინტერნეტში უამრავი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.


საინტერესოა ერთსაათიანი ინტერვიუ ჩერნობილის სადგურის მთავარი ინჟინრის მოადგილესთან, ანატოლი დიატლოვთან. მიღებული რადიაციის, ციხეში გატარებული წლებისა და ასაკის მიუხედავავდ, მან დეტალურად ისაუბრა ავარიის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

.

უფრო სრულად კი დიატლოვმა ამაზე თავის წიგნში „ჩერნობილი. როგორ იყო ეს“ ისაუბრა.

ჩერნობილის კატასტროფაზე დაწერილ ერთ-ერთ წიგნია „ჩერნობილის რვეული“. მისი ავტორი, გრიგორი მედვედევი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩერნობილის ატომურ ელექტროსდგურზე მუშაობდა და კატასტროფის შემდეგ პრიპიატსა და ჩერნობილში იმყოფებოდა. წიგნში ის წერს ჯარისკაცებზე, რომლებსაც რადიაციის არ ეშინოდათ, ასევე მაღალჩინოსანთა შეკრებებზე, სადაც ვერავინ ვერ იაზრებდა მომხდარის მასშტაბებს.


შეგიძლიათ ნახოთ 50-წუთიანი ინტერვიუ კატასტროფას გადარჩენილ თვითმხილველებთან. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს, როგორ კვდებოდნენ ირგვლივ ლიკვიდატორები, ჯარსკაცები და მისი ნაცნობები, ხოლო გენერალ-მაიორმა ნიკოლაი ტარაკანოვმა გაიხსენა, რა მუტაციური ცვლილებები გამოუვლინდა ახალდაბადებულ ბავშვებს.


Midnight in Chernobyl/„შუაღამე ჩერნობილში“ ჟურნალისტ ადამ ჰიგინბოტემის ბესტსელერია, სადაც ის არა მხოლოდ კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გარკვევას ცდილობს, არამედ მოგვითხრობს მის ტრაგიკულ შედეგებსა და მისი განმეორების საფრთხეზე. წიგნში შეკრებილია თვითმხილველებისა და ლიკვიდატორების ისტორიები, ასევე, საარქივო მასალები და მონაცემები. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top