12 საინტერესო ფაქტი ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებიდან

ეს პერსონა

„ჩემი სიყმაწვილე იყო ცივი, პირქუში და უნაყოფო“ - პერიოდი, რომელსაც თითქოსდა ყველა ტკბილად ვიხსენებთ, ვინსენტ ვან გოგისთვის  მარტოობასთან და სიღარიბესთან ასოცირდებოდა. ჰოლანდიელი მხატვარი სიცოცხლეში დაუფასებელი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი გახლდათ. დღეს კი, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც  ფერმწერის  სახელი არ გაუგია. 

"ეS პერსონა" წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებიდან:

 

#1  ვარაუდობენ, რომ ვან გოგმა ყურის ბიბილოს ნაწილი, მხატვარ პოლ გოგენთან ცხარე კამათის შემდეგ მოიჭრა

1888 წელს, ვინსენტმა პარიზი მიატოვა და მისი ძმის, თეოს ფინანსური დამხარებით, ქალაქ არლში, ყვითელ სახლში დაბინავდა. ვან გოგი ოცნებობდა, რომ ამ სახლში დაარსებდა „მხატვრების კოლონიას“, სადაც ისინი იცხოვრებდნენ და ნახატებს შექმნიდნენ. ვინსენტსა და თეოს ძალიან მოსწონდათ პოლ გოგენის შემოქმედება, რომელიც მათი მიწვევით 1888 წლის ოქტომბერში არლში ჩავიდა და ვინსენტთან თანაცხოვრება გადაწყვიტა.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, მოგვიანებით, გოგენსა და ვან გოგს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გოგენის მტკიცებით, 23 დეკემბერს, მორიგი კამათის შემდეგ მან ყვითელი სახლიდან წასვლა და სასტუმროში გაჩერება გადაწყვიტა. მისი თქმით, მას დანით შეიარაღებული ვინსენტი ემუქრებოდა. შემდგომ ექსცენტრულმა ვინსენტმა თავისი მარცხება ყურის დიდი ნაწილი მოიჭრა, წავიდა ნაცნობ ბორდელში და ყურის სისხლიანი ნაჭერი მეძავ რეიჩელს მისცა, რის შემდეგ ქალმა გონება დაკარგა.
თუმცა, გოგენის ჩვენების გარდა არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, პოლი აღიარებული მოფარიკავე იყო და მას შეეძლო ვინსენტისთვის ყურის ნაწილი მოეჭრა.

ინციდენტის შემდეგ ვან გოგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

#2   მხატვარმა სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა

1889 წელს, ვან გოგი დაპატიჟეს Les XX-ის გამოფენაზე. ყოვეწლიურ არტ შოუში, ბრიუსელში, სადაც 20 ადგილობრივი და 20 მიწვეული მხატვარი თავის ნამუშევრებს წარადგენდნენ. ვან გოგის მიერ გამოფენილ ნახატებს შორის იყო „წითელი ვენახი“, რომელიც მისი მეგობრის დამ, ანა ბოხმა 400 ფრანკად (1890 წლის გათვლებით, $80-ად) იყიდა. ამის გამო ვან გოგს ბევრი მხატვარი დასცინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ანამ ამ გზით  მხატვრის გამხნევება სცადა.

სავარაუდოდ, ვან გოგმა სხვა ნახატებიც გაყიდა, მაგრამ „წითელი ვენახი“ ერთადერთი ოფიციალურად გაყიდული ნახატია.

 

#3 მხატვარმა ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი - „ვარსკვლავებიანი ღამე“ ფსიქიატრიულ სააავადმყოფოში ყოფნისას დახატა

მორიგი ნერვული შეტევის შემდეგ, 1889 წლის მაისში, ვან გოგი თავისი ნებით დაწვა ქალაქ პროვანსში მდებარე წმინდა პავლეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ვინსენტს საკუთარ ოთახში ხატვას უშლიდნენ, მაგრამ გამოუყვეს ცალკე სტუდია. ძირითადად, ის პეიზაჟებს ხატავდა, თუმცა მათ შორის ერთი განსაკუთრებული აღმოჩნდა - „ვარსკვლავებიანი ღამე“.

 

#4  ვან გოგს ფინანსურად მისი ძმა თეო ეხმარებოდა. მხატვარი ძმისგან ემოციურ მხარდაჭერასაც გრძნობდა

თეო ვინსენტის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი იყო. სწორედ ის უბიძგებდა ვინსენტს, მხატვრობით სერიოზულად დაკავებულიყო, რადგან ძმაში დიდ პოტენციალს ხედავდა. არასტაბილურობისა და მენტალური პრობლემების გამო თეო მუდმივად ეხმარებოდა ვინსენტს ფინანსურად. თეო იმპრესიონიზმის მიმდინარეობისა და იმპრესიონისტი მხატვრების დიდი ქომაგი იყო მაშინაც, როცა ეს მიმდინარეობა დიდად ცნობილი და აღიარებული არ იყო.

 

#5   მხატვრის ბოლო ნამუშევარი ასახავს იმ ადგილს, სადაც მან თავი მოიკლა

ოვერ-სურ-უაზში სამთვიანი ყოფნის პერიოდში ვან-გოგმა 70 ფერწერული ტილო შექმნა, მათი უმრავლესობა კი მხატვრის ცნობილ ნამუშევრებს წარმოადგენს. ერთ-ერთ მათგანზე, სახელწოდებით „პურის ყანა ყორნებით“ დახატულია ადგილი, სადაც შემდგომში ვინსენტი თავს მოიკლავს.

1890 წლის 27 ივლისს ვინსენტმა სასტუმროს მეპატრონეს იარაღი სთხოვა. ის ამბობდა, რომ იარაღი მას ყორნების შესაშინებლად სჭირდებოდა, რათა ჩიტებს ხელი არ შეეშალათ ნახატზე მუშაობისას.
მას შემდეგ, რაც მხატვარმა საკუთარ თავს მკერდში ჭრილობა მიაყენა, ის სასტუმროში დაბრუნდა, სადაც 30 საათის შემდეგ გარდაიცვალა

 

#6   ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ექიმმა, პოლ-ფერდინანდ გაშემ მილიონობით დოლარი გამოიმუშავა

ვინსენტ ვან გოგი ოვერ-სურ-უაზში ყოფნისას დადიოდა ექიმ პოლ გაშესთან, რომელიც მისმა ძმამ სხვა მხატვრების რჩევით მიაგნო. გაშე ჰომეოპათიის მიმდევარი იყო, მაგრამ ამავდროულად  მხატვარი და კოლექციონერი. მაგალითად, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ის იღებდა ნახატებს სეზანისგან, რენუარისგან და რა თქმა უნდა, ვან გოგისგან.

სამწუხაროდ, მან ვინსენტს ვერ უშველა.

ვან გოგის დაკრძალვის შემდეგ თეომ მეგობრების მცირე ჯგუფი შეკრიბა და შესთავაზა, ვინსენტის რომელიმე ნახატი აერჩიათ. გაშემ და მისმა ვაჟმა იმდენი ნახატი აიღეს, რამდენის წაღებაც შეეძლოთ.  მოგვიანებით გაშეს ვაჟმა ნახატების უმრავლესობა ლუვრს გადასცა.

 

#7  მხატვარი  არასდროს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია

ერთადერთი სერიოზული ურთიერთობა ვან გოგს მკერავსა და მეძავ კლასინა ჰურნინკთან ჰქონდა. კლასინას მაშინ უკვე ჰყავდა 5 წლის ქალიშვილი და ის მეორე ბავშვს ელოდებოდა კაცისგან, რომელმაც მამობაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. ვინსენტმა ერთხელ თეოს განუცხადა, რომ კლასინაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა თეოც და ვან გოგის მამაც ამ კავშირს ეწინააღმდეგებოდნენ.

საბოლოოდ ვინსენტი კლასინას დაშორდა, რადგან ქალმა მას გონორეა გადასდო. ქალმა ბავშვები ოჯახს ჩააბარა, თვითონ კი 1904 წელს თავი მოიკლა. 

 

#8 ვან გოგის ერთმა ძმამ თავი მოიკლა, ხოლო მეორე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა

თვითმკვლელობები და მენტალური პრობლემები ვან გოგის ოჯახისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვან გოგის მშობლებს 6 შვილი ჰყავდათ - სამი ქალიშვილი და სამი ვაჟი.
ვინსენტს მთელი ზრდასრული ცხოვრება ფსიქიკური პრობლემები სტანჯავდა. თეო ვან გოგის გარდაცვალება საიდუმლოებით არის მოცული, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ათაშანგს, თვითმკვლელობასა თუ მენტალურ პრობლემებს.

მესამე ძმა, კორნელიუსი, ვინსენტზე 14 წლით უმცროსი იყო და სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა. განქორწინების შემდეგ ის ბურებისა და ინგლისელების ომში ჩაერთო, თუმცა ის ტყვედ აიყვანეს და 33 წლის კორნელიუსმა თავი მოიკლა.
ვინსენტის დამ, ვილჰელმინამ ცხოვრების ბოლო 40 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.


#9  ნაცისტები ვან გოგს "დეგენერატს" უწოდებდნენ

ვან გოგი ერთ-ერთი ის მხატვარი იყო, ვისაც ნაცისტებმა „დეგენერატი“ უწოდეს. გერმანელები უფრო შორს წავიდნენ და აუქციონებს მართავდნენ, სადაც სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს არიგებდნენ. ასეთი იყო ვან გოგის ავტოპორტრეტი, რომელიც მან პოლ გოგენს მიუძღვნა.

1888 წლის ნახატში ვინსენტმა გააკეთა მინაწერი „A Mon Ami Paul“ (ჩემს მეგობარ პოლს) და გოგენს ბრეტანში მდებარე სახლში გაუგზავნა იმ იმედით, რომ გოგენი  არლში „მხატვართა კოლონიას“ შეუერთდებოდა.
მეგობრობის გაწყვეტის მიუხედავად, გოგენი ვან გოგის ავტოპორტრეტს 1897 წლამდე ინახავდა, სანამ ფული არ დასჭირდა. მან ნახატი ერთ-ერთ პარიზელ არტ-დილერს მიჰყიდა 300 ფრანკად, ვან გოგის მინაწერი კი დაფარა.

 

#10 მხატვრის სიკვდილის შემდეგ, მისი ძმა თეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა და მალევე გარდაიცვალა

ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ  1890 წლის ნოემბერში, მისი ძმა თეო უტრეხტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. რამდენიმე თვეში, 1891 წლის 25 იანვარს, თეო 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის სიკვდილს მრავალ შესაძლო ფაქტორს უკავშირებდნენ. მაგალითად, ათაშანგით გამოწვეულ დემენციას, თვითმკვლელობას, ასევე ძმის დაღუპვით გამოწვეულ დეპრესიას.

თავდაპირველად თეო უტრეხტში დაკრძალეს, მაგრამ მისმა ქვრივმა ქმარი შემდგომში ის ვინსენტის გვერდით, ავურ-სურ-უაზში დაასაფლავა.

 

#11 ვან გოგის  ნამუშევრების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი თეოს (ძმა)  მეუღლეს მიუძღვის

ვან გოგის რძალი ჯოანა „ჯო“ ვან გოგი, ქმრისა და მაზლის დაღუპვის შემდეგ, ვინსენტის ნახატების პოპულარიზაციას და ძმების მიმოწერის გამოქვეყნებას შეუდგა, რაც გამოუვიდა კიდეც. არტ-დილერებთან დიდი მუშაობის შედეგად, ვინსენტის ცხოვრებითა და შემოქმედებით სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდებოდა. ჯოანას სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა, ვინსენტ უილემმა დააარსა ფონდი, რომელიც პასუხისმგებელია ვინსენტ ვან გოგის ამსტერდამის მუზეუმზე.


#12  ვან გოგის ნახატები ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში

1990 წელს, ბანკირ ზიგფრიდ კრამარსკის ოჯახმა ვან გოგის ნამუშევარი „ექიმ გაშეს პორტრეტი“ აუქციონზე გაიტანა. კრამარსკი, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ერთ-ერთი იყო, ვინც ნაცისტური რეჟიმის დროს ვინსენტის ნახატი იყიდა.
1990 წლის 15 მაისს კრისტის აუქციონზე სენსაცია მოხდა, იაპონელმა მეწარმემ რიოე საიტომ მოსალოდნელი $ 40 000 000-ს მაგივრად $82.5 მილიონი გადაიხადა ნახატში.  აღნიშნული რეკორდი მხოლოდ 2004 წლის მაისში დაამხეს, როცა პიკასოს „ბიჭი ჩიბუხით“$93 მილიონად გაიყიდა.

ვან გოგის "მზესუმზირები" 89.2 მლნ დოლარადაა შეფასებული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top